English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას დაბადების 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას დაბადების 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. სხდომა გახსნა თსუ-ის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. მოხსენება პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წაიკითხა პროფესორმა გედევან ხელაიამ. მოგონებებით გამოვიდნენ პროფესორები: მირიან ტუხაშვილი, ნუგზარ პაიჭაძე, დავით იაკობიძე, რევაზ კაკულია, ნოდარ ბაგრატიონი, რევაზ ჯავახიშვილი და სხვები. სხდომაზე მოწვეულები იყვნენ ნიკოლოზ ქოიავას ოჯახის წევრები, სამადლობელი სიტყვით გამოვიდნენ შვილიშვილები - მაია ზურაშვილი დანიკოლოზ ვაჩეიშვილი.

წლების განმავლობაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა იყო თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. პრფესორ ნიკოლოზ ქოიავას სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა მოიცავდა ფულისა და კრედიტის თეორიის; ფულის მიმოქცევის, კრედიტისა და ფინანსების ისტორიის; ფულის, კრედიტისა და ფინანსების გამოყენების და ორგანიზაციის სფეროებს. მის კალამს ეკუთვნის 80-ზე მეტი გამოკვლევა, აქედან განსაკუთრებით აღსანიშნავია «მსოფლიო ფული», «ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში», «ძვირფასი ქვები შოთა რუსთაველის პოემაში», «შრომის იარაღები და პირადი მოხმარების საგნები «ვეფხისტყაოსანში», აგრეთვე, შემოქმედებითად დაწერილი სახელმძღვანელოები, მრავალი მეცნიერული წერილი და საჟურნალო სტატია.

პროფ. ნიკოლოზ ქოიავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხ. პროფ. გ.ხელაიას ნაშრომში  "პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა" - 125. თბ.